пятница, 9 августа 2013 г.

ისე აგიხდათ ნატვრა კი არა და ნაწერი, როგორც მე ამიხდა. შარშან, როცა კომპანია "ჯეოსელმა" ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე იასამნისფერი სანაპირო მოაწყო, დარწმუნებული ვიყავი იქვე სადმე ადაპტირებული ზღვაში ჩასასვლელიც იქნებოდა.მწამდა რომ შესაძლებლობები აქაც შეუზღუდავი იქნებოდა. სანაპიროზე მხოლოდ სხვადასხვა ზომისა და სხვადასხვა ფორმის კენჭები ეყარა... საავტორო სვეტში, ჯეოზაფხულის მიმოხილვისას ჩემი გულისტკივილი მაინც დავაფიქსირე, თუმცა ცოდვა გამხელი სჯობს, ახლო მომავალში შედეგს არ ველოდი. მეგონა დროის გაწელვისა და "ეს მე არ მეხებას" პრინციპი ამჯერადაც გვარიანად იმუშავებდა... საბედნიეროდ ვცდებოდი. როცა ამ ზაფხულს ბათუმში, ადაპტირებული ჩასასვლელის შესახებ გადმოსცეს ინფორმაცია გამიხარდა. ეხლა მეც გადავცურავ ზღვას-წავიღიღინე ჩემთვის და ოცნებაში ზღვის ტალღებსაც შევეთამაშე. ცოტა ხანში ისევ მოვიწყინე... ზღვამდე რომ მივედი ძალიან კარგია,მაგრამ წყალში შესასვლელად რომ ისევ დამხმარე მჭირდება რა ვქნა მეთქი,თუ ვინმე შევაწუხე მერე წყალში ყოფნის სასიამოვნო წუთებს იმაზე წუხილს მოვანდომებ, სიამოვნება დიდხანს არ გამიგრძელდეს და და დამხმარე დიდი ხნით არ დავაყოვნო. ან გასაბერმა რგოლმა სადღაც, შორს არ გამიტყუოს. მოკლედ სიამოვნებას ისევ ზღვარი უნდა დაუდო. არადა, ბევრ ქვეყანაში ეს საკითხიც მოგვარებბულია: წყალში ჩასადგმელი ბადეები და მოაჯირები, ხელმოსაჭიდი სარტყელები და ალბათ ბევრი სხვაც. კაცის ფანტაზიას რა დალევს. ზღვიდან ახლადჩამოსულს, მასთან სიახლოვე-სიშორის განცდა ჯერ არ გამნელებოდა, როდესაც ხმაჩაწეული ტელევიზორის ეკრანზე ნაცნობ იასამნისფერ სანაპიროს მოვკარი თვალი. იასამნისფერი ქოლგები და იასამნისფერი წამოსაწოლები კვლავ კომფორტულ დასვენებას გვპირდებოდა.სულ ცოტა ხანში ის უზარმაზარი გასაბერი კაცუნაც გამოჩნდა კომპანიამ საიმედო მცველად რომ დაუყენა დამსვენებლებს. შემდეგ კადრში ეტლით მოსარგებლე ადამიანიც გამოჩნდა. აქ კი სძლია სიზარმაცეს ჩემმა პროფესიულმა ცნობისმოყვარეობამ და ტელევიზორის მართვის პულტს დავუწყე ძებნა. "ჯეოსელის ინიციატივით წელს პირველად ბათუმის სანაპიროზე დამონტაჟდა პანდუსი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, იმათ ვინც ეტლით სარგებლობს საშუალებას მისცემს ჩავიდნენ სანაპიროზე და შეუერთდნენ იმ გასართობ ღონისძიებებს, რომლებიც მთელი ზაფხულის განმავლობაში მრავლად იგეგმება"-აცხადებენ კომპანიაში და ნათლად ხედავ, რომ ეს მიპატიჟება მხოლოდ თავაზიანობის გამოხატულება არ გახლავთ. ამ ბილიკებით მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ადამიანებს როდი გაუადვილებს სანაპიროზე გადაადგილებას. ამ გზას ის ადამიანებიც ბევრჯერ გამოიყენებენ, ვინც ზღვაში გადასაშვებად წუთებსაც და წამებსაც კი ითვლიან.კენჭებზე გავლა კი მოგეხსენებათ ამ გზას კიდევ უფრო გრძელსა და არაკომფორტულს ხდის. ბათუმის სანაპიროზე აგებული ბილიკები რომ უნივერსალური დიზაინითაა აგებული ეს დაადასტურა სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში მყოფმა ევროპის ხელმისაწვდომი ტურიზმის ქსელის "ენატი" წარმომადგენლობა. არასამთავრობო ორგანიზაციამ "ბარსა" და ევროპის ხელმისაწვდომი ტურიზმის ქსელმა ჯეოსელი სამახსოვრო სიგელით დააჯილდოვა. ტურიზმის სეზონი პიკშია. იასამნისფერ შეზლონგებზე მზეს მიფიცხებული დიდები და კენჭების შეგროვებით გართული პატარები კომპანიისგან მორიგ სიურპრიზს ელოდებიან. სიურპრიზები ცოტა მოგვიანებით დაიწყება. მანამდე კი დრო რომ უსაშველოდ არ გაიწელოს ეგებ რომელიმე გამაგრილებელი სასმელის მირთმევისას ეს ბლოგიც შემოგეკითხოთ. თანამედროვე ტექნოლოგიები ამის შანსს ნამდვილად იძლევა. ^